საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღნიშვნა
2018 წლის 29 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა საზეიმო მიღება ქ. ლისაბონის გრასას მონასტერში.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა გრასას მონასტრის წინამძღვარს საქართველოსთვის ღირსშესანიშნავი თარიღის საზეიმო მიღების მასპინძლობისთვის, ისაუბრა მონასტერში დაცული და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით რესტავრირებული წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს ისტორიულ მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილა პორტუგალიასთან ორმხრივ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე თანამშრომლობაზე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) ფარგლებში, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების თაობაზე, ხაზი გაუსვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებს და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებს.
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ პორტუგალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ლისაბონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო და კვლევითი ცენტრების, პორტუგალიაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
მიღების ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა და ვიდეო-რგოლის ჩვენება.