ქართული ღვინის დიდი წარმატება პორტუს ღვინის ფესტივალზე
2024 წლის 22-25 თებერვალს ქალაქ პორტუში გაიმართა ტრადიციული ყოველწლიური ღვინის ფესტივალი, სახელწოდებით "Simplesmente Vinho", რომელშიც სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი საქართველო. გამოფენაში ბუნებრივი ღვინის 112 მწარმოებელი მონაწილეობდა პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს წარმოადგენდა ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 მარანი. გამოფენის ფარგლებში, ჩატარდა კონფერენცია Qvevri, Dolia E Talha, რომელიც ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას მიეძღვნა. კონფერენციის დასრულების შემდეგ მოეწყო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ ჩვენება. საქართველოს მეღვინეობის რვაათასწლიან ტრადიციებზე დოკუმენტური ფილმი „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ ამერიკელმა კინორეჟისორმა ემილი რელსბეიკმა (Emily Railsback) 2017 წელს გადაიღო და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ასევე გაიმართა ქართველი შეფ-მზარეულის მიერ ორგანიზებული გალა-ვახშამი ტრადიციული ქართული სუფრის სახით, რომელიც მუსიკალურად გააფორმა ანსამბლმა "შვიდკაცა". ღონისძიება ჩატარდა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით.