ლევან წურწუმიამ სან ტომე და პრინსიპის პრეზიდენტს ქარლუშ მანუელ ვილა ნოვას რწმუნებათა სიგელები გადასცა
2025 წლის 18 სექტემბერს სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ლისაბონი) ლევან წურწუმიამ სან ტომე და პრინსიპის პრეზიდენტს ქარლუშ მანუელ ვილა ნოვას რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდგომ სან ტომე და პრინსიპის პრეზიდენტისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის უფრო დაახლოებას.
საქართველოს ელჩმა გამოხატა მზაობა, აქტიურად შეუწყოს ხელი, როგორც პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებასა და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ორგანიზებას, ასევე ეკონომიკის, კულტურის და განათლების სფეროებში ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას.
სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლის წინ გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომლის დროსაც სამხედრო ორკესტრმა საქართველოსა და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნები შეასრულა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალამდე, ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა სან ტომე და პრინსიპის საგარეო საქმეთა მინისტრს ილზა ამადო ვაზის.
