Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

 

2018 წლის 10-11 მაისს, ლისაბონში, საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.

კონსულტაციებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორი პედრო კოშტა პერეირა უძღვებოდა. მხარეებმა საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.

დადებითი შეფასება მიეცა პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. ამ თვალსაზრისით, გამოიკვეთა ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ასევე ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის ინტერესი და მზაობა. მხარეები მიესალმნენ საქართველოს და პორტუგალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს (Portuguese industrial Association – Chamber of Commerce and Industry (AIP-CCI)), ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ბიზნეს-კონფედერაციას (Business Confederation of the CPLP (CE-CPLP)) შორის ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივ, ასევე პორტუგალიურენოვან ქვეყნებთან საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გააქტიურებას.

ხაზი გაესვა კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელსაც დიდწილად, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის წარმატებით ფუნქციონირება განაპირობებს. ცენტრი არა მხოლოდ ხელს უწყობს პორტუგალიური ენის შესწავლას, არამედ, საქართველოში ლუზოფონური კულტურის გავრცელებასა და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას ემსახურება.

კონსულტაციებისას, განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა. მხარეებმა მომავალშიც მჭიდრო ურთიერთთანადგომის მზაობა გამოხატეს.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ვახტანგ მახარობლიშვილმა მასპინძელ მხარეს დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული გარემო; მცოცავი ანექსიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში. პორტუგალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ქართულმა მხარემ გამოხატა მადლიერება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) პორტუგალიის მონაწილეობისთვის.

კონსულტაციებისას, ვრცლად იქნა განხილული საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის საკითხები და ევროკავშირთან დაახლოების შემდგომი ნაბიჯები. პორტუგალიური მხარე მიესალმა საქართველოს მიერ ინტეგრაციის გზაზე წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღწეულ შედეგებს  და სამომავლო გეგმებს. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა  უვიზო მიმოსვლის ამოქმედების როგორც პრაქტიკულ, ასევე პოლიტიკურ მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის მომავალ სამიტზე საქართველოს მოლოდინებს. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაღალ დონეს. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობისას, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის როლზე და ამ კონტექსტში, ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობის ასპექტებზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს გლობალურ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული  აქტუალური თემები.

პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სახელმწიფო მდივანს ტერეზა რიბეიროს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა პორტუგალიის მთავრობის დადებითი დამოკიდებულება და მხარდაჭერა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.

ასევე შედგა ვახტანგ მახარობლიშვილის შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან რეჟინა ბაშტოშთან. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურებაზე. კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა ევროკავშირთან ურთიერთობებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ მიმართულებით, ქვეყნის მოწინავე პოზიციას.

საქართველოს პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსის გათვალისწინებით საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა ორგანიზაციის  აღმასრულებელი სამდივნოს გენერალურ დირექტორთან ჯორჯინა ბენროს დე მელოსთან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა ქართული მხარის დაინტერესება და მზაობა თანამეგობრობასთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით.