ქალაქ ლისაბონში ქართული საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის „GIMPHA“, რიგით მეთექვსმეტე კონფერენცია გაიმართა
2024 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ ლისაბონში ქართული საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის „GIMPHA“, რიგით მეთექვსმეტე კონფერენცია გაიმართა. „GIMPHA“ არის სამედიცინო დიასპორის მიერ შექმნილი უნიკალური პროფესიული ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების მეტ ჩართულობას საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ქართველმა ექიმებმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს საქართველოში სამედიცინო სფეროს აქტუალურ საკითხებზე, ასევე განიხილეს არსებული შესაძლებლობები და სამომავლო პროექტები.
შეხვედრის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პორტუგალიის რესპუბლიკაში, ბატონმა გიორგი მირცხულავამ მიმართა.