Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) ელჩების სამუშაო ვიზიტი საქართველოში

2024 წლის 27 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა პორტუგალიური ენის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოსვალდო ბიატო ჟუნიორი, პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) დელეგაცია და მისი აღმასრულებელი მდივანი ზაკარიაშ და კოშტა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, უნივერსიტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პორტუგალიურენოვანი წიგნის "ქეთევან დედოფალი და პორტუგალია-საქართველოს ისტორიულ-დიპლომატიური ურთიერთობები" წარდგენა. ასევე შედგა პორტუგალიურენოვანი მოზამბიკელი მწერლის, მია კოუტუს წიგნის "მთვარეული მიწა" ქართული თარგმანის პრეზენტაცია, რომელიც მარიეტა ჩიხლაძემ წარადგინა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი მირცხულავამ ისაუბრა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" პორტუგალიურ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. მან საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ცნობილ პორტუგალიელ მთარგმნელთან, პორტუს უნივერსიტეტის ენათმეცნიერთან დანიელ ჟონასთან ხელი მოეწერა შესაბამის კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, განხორციელდება შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" პორტუგალიურ ენაზე თარგმნა. აღსანიშნავია, რომ რუსთაველის უკვდავი პოემის პორტუგალიურ ენაზე თარგმნა პირველად ხორციელდება. პროექტი სამწლიანია და მისი დასრულება 2027 წლის ბოლომდეა განსაზღვრული.