2021 წლის 10 სექტემბერს გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლების, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი მირცხულავას და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ცოტნე ზურაბიანის შეხვედრა პორტუგალიის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო მდივანთან და ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში. ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი რეისების არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაბამის მხარდაჭერას აღმოუჩენენ იმ ავიაკომპანიას, რომელიც პირდაპირი რეისების შესრულებას გადაწყვეტს. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმში პროფესიული განათლების სფეროში.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ პორტუგალიის მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც მისცემს ქართველ სტუდენტებს ამ ქვეყანაში გაცვლითი პროგრამით ჩამოსვლის შესაძლებლობას, რომლის დროსაც ისინი გაეცნობიან ადგილობრივი ტურიზმის სექტორს და აიმაღლებენ კვალიფიკაციას. ეს, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით, მომსახურების ხარისხის ამაღლებას,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.