საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პროგრამა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების შემოტანის ვადა 23 ივნისამდე გახანგრძლივდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ - საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შემოტანის ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 23 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დიასპორაში პროექტისადმი არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აგრეთვე, მასში ჩვენი თანამემამულეების უფრო ფართო ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე, რომელმაც განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 20 მაისს, პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაიწყო საგრანტო პროექტი, რომელიც წარმოადგენს კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჩვენი თანამემამულეებისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ეტაპს.

პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი ის პროექტები, რომლებიც კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებისა და აგრეთვე, მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობისაკენ იქნება მიმართული.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრების უფლება. 

საქართველოს მოქალაქეებს 2020 წლის 23 ივნისის ჩათვლით, პროგრამის მიზნების შესაბამისად, პროექტების წარდგენა შეეძლებათ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:grantebi@mfa.gov.ge
 
საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით ხდება მხოლოდ ელექტრონულად. 

სახელმწიფო პროგრამას - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.

საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს: ტელ.: (+995 32) 2945000 (შიდა - 3108), მობ.: +995 551 080 060.


განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:

-დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება (იხ. დანართი N2);
-ერთი ფოტოსურათი;
-CV ქართულ ენაზე;
-საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
-საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბინადრობის/ცხოვრების ნებართვა, ნებისმიერი კატეგორიის ვიზა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედების ვადით);
-ხარჯთაღრიცხვის შევსებული ფორმა (იხ. დანართი 3).

საგრანტო წინადადება უნდა მოიცავდეს:
 
-ინფორმაციას თუ როგორ, რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/ მომსახურების შესრულებას;
-გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;
-დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს;
-შესრულების ვადას;
-მოსალოდნელ შედეგს.

დანართი N1 – პროგრამის შესახებ;
დანართი N2 - საგრანტო განაცხადის ფორმა;
დანართი N3 - ხარჯთაღრცხვის ფორმა;