საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ორმხრივი თანამშრომლობა

1992 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ეტაპობრივად გაფართოვდა ორმხრივი თანამშრომლობა სხვადსხვა მიმართულებით. საქართველო-პორტუგალიის ურთიერთობების დინამიკა გააქტიურდა, 2010 წელს ქ. ლისაბონში საქართველოს საელჩოს გახსნის შემდეგ.  

2007 წლიდან იმართება პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. 

2013 წელს პორტუგალიის ეროვნულ ასამბლეაში ოფიციალურად ჩამოყალიბდა საქართველო-პორტუგალიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი. შემდგომ წლებში განხორციელდა ვიზიტების ურთიერთგაცვლა მეგობართა ჯგუფებს შორის. 

2014 წლის 23 ივლისიდან საქართველო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყანაა და 2015 წლიდან ჰყავს CPLP-ში აკრედიტებული ელჩი.​

ეკონომიკური ურთიერთობები

  1. აჭრობა
  2. ინვესტიციები
  3. ტურიზმი

2018 წელს ქ. ლისაბონში  Web Summit-ზე პირველად იყო წარმოდგენილი საქართველოს საგამოფენო სივრცე; მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოების - „აწარმოე საქართველოში“ და „საქართველოს ინოვაციები და ტექნოლოგიები“ - წარმომადგენლებმა, ასევე 11-მა ქართულმა კომპანიამ.

განათლება

2013 წელს, ქ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორ ქვეყანას შორის კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, ასევე საქართველოში პორტუგალიის და ზოგადად ლუზოფონური სამყაროს ცნობადობის გაზრდის კუთხით. გარდა, პორტუგალიური ენის სწავლებისა, ცენტრი აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს, როგორიცაა ფესტივალები, გამოფენები, კონცერტები, კინოჩვენებები, კონფერენციები/ვორქშოფები. ცენტრის დირექტორი: სოფია კრუზი, ცენტრის კოორდინატორი: მარიეტა ჩიხლაძე.

2015 წელს, საელჩოს ხელშეწყობით, ქ. ლისაბონში, პორტუგალიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ქართული წიგნების კუთხე.

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში პორტუგალიის სხვადასხვა ქალაქების უნივერსიტეტებთან პარტნიორულ ურთიერთობებში იმყოფებიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, შოთა მესხის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი. ასევე Erasmus Mundus-ის პროგრამის ფარგლებში პორტუგალიის სასწავლებლებთან თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი.

კულტურა

2015 წელს, საელჩოს ხელშეწყობით, "შატო მუხრანში" განთავსდა ქ. ლისაბონის ''გრასას'' მონასტერში დაცული, ტრადიციული მეთოდით ("Azulejo") დამზადებული  წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს ზუსტი ასლი.

2017 წელს, საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარებით, კომპლექსური რესტავრაცია ჩაუტარდა ქ. ლისაბონის გრასას მონასტერში დაცულ წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველ პანოს. საელჩოს ხელშეწყობით შეთანხმება გაფორმდა საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ლისაბონის გრასას სამრევლო ეკლესიას შორის. სარესტავრაციო სამუშაოები პორტუგალიურმა კომპანია TEIXEIRA DUARTE-მ განახორციელა. პანოს აღწერილობის აღმნიშვნელზე დართულია ინფორმაცია წმინდა ქეთევან დედოფლის წამების შესახებ პორტუგალიურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. 2018 წლის მაისში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საელჩომ საზეიმო მიღება ლისაბონის გრასას მონასტერში გამართა; 2019 წელს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღსანიშნავი მიღება ასევე გრასას მონასტერში გაიმართა.

2017 წელს, ვაზისა და ღვინის კულტურის მსგავს ტრადიციებზე დაყრდნობით, შესაბამისი თანამშრომლობის ოქმის ხელმოწერის შედეგად,  საფუძველი ჩაეყარა პორტუგალიის ალენტეჟუს რეგიონის სოფელ კუბისა და საქართველოს ყვარლის რაიონის სოფელ შილდას დაძმობილებას.  

მიმდინარეობს მუშაობა:

  • პორტუგალიასთან ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით შრომითი მიგრაციის სფეროში მომავალი თანამშრომლობისთვის;

  • მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის თვალსაჩინო ძეგლების შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პორტუგალიურ ენაზე და ლუიშ კამოეშის „ლუსიადების“ ქართულ ენაზე თარგმანების განხორციელების მიმართულებით.

პორტუგალიის საელჩო საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარა)

მისამართი: Kuleli Sok N. 26 Gasiosmanpasa Ankara, Turquie

ტელეფონი: (00 903 12) 405 60 29

პორტუგალიის რესპუბლიკის საკონსულო: საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება წარმოებს ქ. ანკარიდან.

ბმულები:

საქართველოში პორტუგალიის საელჩო (რეზიდენციით ქ.ანაკარა): www.portugalembassy.org.tr

პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო: https://www.portugal.gov.pt/pt/gc22/area-de-governo/negocios-estrangeiros

პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი: www.presidencia.pt

პორტუგალიის ეროვნული ასამბლეა (პარლამენტი): http://www.parlamento.pt

პორტუგალიის რესპუბლიკის მთავრობა: www.portugal.gov.pt

პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში:  
https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/foreign_relations/int_relations/camoes/n840ihzt1rmickba/