ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ პორტუგალიურ საინფორმაციო სააგენტოსთან LUSA

პირველ რიგში, ნება მომეცით პორტუგალიელ მეგობრებს გავუზიარო. რომ ჩვენ, მათ შორის – მე და ჩემს გუნდს, ძალიან გვიხარია აქ ყოფნა. ეს არის გამორჩეული კულტურული, ემოციური გამოცდილება და ჩვენ გვიხარია მეგობრულ ქვეყანაში ყოფნა, ქვეყანაში, რომელსაც აქვს მკაფიო ხედვა მომავლის, ევროპის, სტაბილურობის და იმ თანამშრომლობისა, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს ჩვენი ხალხების ცხოვრება.

პორტუგალია ევროპის უკიდურესი დასავლეთით მდებარეობს, მე კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნიდან, საქართველოდან ვარ, რომელიც აღმოსავლეთიდან კეტავს ევროპას ისევე, როგორც პორტუგალია – დასავლეთიდან.

გამორჩეულად საინტერესოა იმ მრავალი მსგავსების დანახვა, რომლებსაც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს, როგორიცაა სიყვარული ადამიანებს შორის ისევე, როგორც მომავლის ხედვა. ქართველებს და პორტუგალიელებს, საქართველოს და პორტუგალიას, როგორც სახელმწიფოებს, პოლიტიკურ დონეზე ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, საერთო მიზნები. პორტუგალია ხელს უწყობს და ჭეშმარიტად ეხმარება საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. პორტუგალია მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. პორტუგალია ეხმარება საქართველოს, გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე და ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი ხელშემწყობი. ამ იდეალური პოლიტიკური თანამშრომლობისა და აწ უკვე 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე სახელმწიფოთა მეთაურებთან, ხელისუფლებისა და პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან საუბრისას ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გვაქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობის მიწოდება შეგვიძლია ჩვენს ხალხებს, იქნება ეს ბიზნესთან დაკავშირებული, კულტურული, ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებული, თუ სხვა შესაძლებლობები.  შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მგონია, რომ ჩვენ საქმეში უნდა გამოვიყენოთ წარმატებისაკენ მიმავალი ყველა ის გზა და შესაძლებლობა, რომლებიც საქართველოსა და პორტუგალიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თანამშრომლობისათვის განავითარა. რეალურად, ჩვენ ვმუშაობდით პოლიტიკურ დონეზე მომავლის საერთო ხედვის შენარჩუნების სტრატეგიის დასახვაზე და, ასევე, ვგეგმავდით კონკრეტულ გზებსა და საშუალებებს ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.საქართველო ნამდვილად პატარა ქვეყანაა მოსახლეობის რაოდენობით, რეალურად, პორტუგალიის ნახევარია. ამავდროულად, გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს არ არის უცნაური პორტუგალიისთვის, რომელიც, ასევე, არ არის ძალიან დიდი ქვეყანა, მაგრამ არის, და ისტორიულადაც იყო, საერთაშორისო ურთიერთობების ძალიან სერიოზული მოთამაშე. ვგულისხმობ, რომ პორტუგალია ზოგიერთ გლობალურ დისკუსიაში არის სახელმწიფოთა ერთმანეთთან სერიოზული დამაკავშირებელი ისევე, როგორც პოლიტიკური ლიდერი. დახმარებას, რომელსაც საქართველოსა და პორტუგალიურ ენაზე მოსაუბრე ქვეყნებს შორის კომუნიკაციის კუთხით პორტუგალია უწევს საქართველოს, ჩვენ ძალიან ვაფასებთ და ამისთვის მადლიერნი ვართ. მაგრამ, ამასთანავე, წარმოიდგინეთ საქართველო, რომელიც მდებარეობს კასპიისა და შავ ზღვებს შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო თავის სახმელეთო ხაზსა და პორტებს უხსნის ცენტრალური და შორეული აზიის ძირითად განვითარებად ეკონომიკებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ საქართველო მრავალ ეკონომიკურ ცენტრსა და პოტენციურ ძალას აძლევს ვაჭრობის შესაძლებლობებს. საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოსავალს სამხრეთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. გეგმები და პროექტები, რომლებიც 2009 წლიდან მოყოლებული ხორციელდება კასპიის ზღვიდან საქართველოს გავლით, 2019 წლისთვის გახდება სამხრეთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და გარანტი. ამასთანავე, საქართველო გამოსავალს იძლევა მისი სარკინიგზო სისტემებისა, გზატკეცილების, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი საზღვაო სისტემების გახსნით, რითაც საქართველო მტკიცედ აღჭურვავს ეკონომიკურ სუბიექტებს, რათა მათ თავისუფლად შეძლონ ევროპულ სავაჭრო პროცესებში მონაწილეობა. ამ მხრივ, დიდი აბრეშუმის გზის, რომელიც ჩინეთში იწყება და, როგორც ვიცით, პორტუგალიაში სრულდება, ყველაზე შორეულ წერტილთან ჩვენი თანამშრომლობა, ისევე, როგორც პორტუგალიის საზღვაო ზოლთან და ამერიკის კონტინენტებსა თუ სხვა ქვეყნებთან საზღვაო ვაჭრობასთან დაკავშირებული საშუალებები, საქართველოს და პორტუგალიის მსგავს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ადგილას განლაგებული და სტრატეგიულად მოაზროვნე ქვეყნებისათვის, ქმნის მრავალ შესაძლებლობას. საქართველოსა და პორტუგალიის მსგავსი ქვეყნები მჭიდროდ უნდა იდგნენ ერთმანეთის გვერდით, რათა კეთილი ნებით და მხარდაჭერით განამტკიცონ კანონის უზენაესობა საერთაშორისო ურთიერთობებში. პატარა ქვეყნებისათვის ეს არის გამოსავალი და ხსნა, რადგანაც ჩვენი უსაფრთხოება და სტაბილურობა ყოველთვის ჩვენი სამხედროების ან ჯარის რიცხოვნობაზე არ არის დამყარებული, მაგრამ ნამდვილად ეფუძნება ჩვენს უნარს, „გავაჟღეროთ გონივრულობის ხმა“ საერთაშორისო დისკუსიებსა და საერთაშორისო საზოგადოებაში. ამასთან დაკავშირებით, როდესაც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით პორტუგალიის მიერ საქართველოსათვის გაწეულ ფასდაუდებელ მხარდაჭერაზე და პორტუგალიის მიერ არაკანონიერი ოკუპაციის ამგვარ დაგმობაზე ვსაუბრობ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას იღებს არა მხოლოდ სამართლიანობისა და მეგობრობის, არამედ გლობალური სტაბილურობის შენარჩუნების ღირსეული მიზნის სახელით. თუ ჩვენ ტოლერანტულად მივუდგებით ეგრეთ წოდებული "რეალური პოლიტიკის" ზოგიერთ ვერსიას, თუ თვალს დავხუჭავთ ერთი ქვეყნის ან ერთი აგრესიული ჯგუფის მიერ მეორე ქვეყნისადმი აგრესიის გამოყენებისა და ამ ქმედებების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დასაშვებობის ცნებებზე, მსოფლიო მასშტაბით სავალალო შედეგების წინაშე დავდგებით. ეს არის ის, რაც უნდა დავძლიოთ.

რუსეთის ფაქტორი ძალიან რთულია. ეს სირთულე არ მომდინარეობს რუსეთსა და საქართველოს, უკრაინას, ამერიკას, სირიასა თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტიდან. ეს სირთულეები ჩნდება მათი მეზობლებისა და საკუთარი თავის მიმართ არარაციონალური პოლიტიკური დამოკიდებულებიდან. მოდით, საქართველოს ოკუპაციის შემთხვევა განვიხილოთ. როგორც წესი, ბრძოლები იმართება რაიმე სახის სარგებლის მიღების მიზნით. ტრაგიკული, მაგრამ, ალბათ შეიძლება ითქვას – კომიკურიც, ამ ომებში ის იყო, რომ საქართველოს ოკუპაციით არავის სარგებელი არ მიუღია. რუსეთს არ მიუღია არაფერი ისეთი, რაც ჭირდებოდა ან რისკენაც ილტვოდა. იმას ვგულისხმობ, რომ მათ არ აქვთ ტერიტორიის, მათ არ აქვთ კვადრატული კილომეტრების სიმწირის პრობლემა. მათ, უბრალოდ, მოახდინეს ოკუპაცია, რათა ზიანი მიეყენებინათ საქართველოსთვის. საქართველოსთვის მისი ტერიტორიული სუვერენიტეტის შერყევა უაღრესად ტრაგიკულია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისათვის კი ეს არის ცხოვრება რაიმე სახის სამომავლო აშკარა პერსპექტივისა და ხედვის გარეშე.ჩვენთან ბრძოლა გაჩაღდა 21-ე საუკუნის დასაწყისში და ის იყო ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული. არ არსებობდა არც „რეალური პოლიტიკის“ და არც ყველაზე ფარისევლური ლოგიკა. ამის უკან არ არსებობდა არავითარი ლოგიკა, თუმცა, ეს მაინც მოხდა. ზუსტად ეს არის რთული საკითხი, როდესაც რუსეთზე ვსაუბრობთ. იმიტომ, რომ როდესაც რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ფასდება, შეუძლებელია მათი შეფასება სარგებლის მიღების პერსპექტივიდანაც კი. ვგულისხმობ რაიმე სახის აშკარა სარგებელს, იქნება ეს ეკონომიკური, გეოსტრატეგიული, სამხედრო, თუ ნებისმიერი სხვა სახის სარგებელი. ეს გადადგმული ნაბიჯები ემსახურებოდა ზოგიერთი იმ ლიდერის პირადი გრძნობების დაკმაყოფილებას, რომლებსაც სიამოვნებთ მათზე უფრო სუსტი მეზობლების შევიწროება და დასჯა. ზუსტად ამიტომ გვაქვს ასეთი რთული სიტუაცია საქართველოში და უკრაინაში. ამიტომ არის ამდენად შემაწუხებელი მსოფლიოსთვის რუსეთის მიერ გაწერილი საგარეო პოლიტიკის დოქტრინა და განაცხადი, რომ მათ აქვთ უფლება, მართავდნენ პრივილეგირებულ ადგილებს თავიანთ სამეზობლოში.არსებითად, თქვენ მართალი ხართ იმაში, და მეც ასე ვფიქრობ, რომ თავად რუსეთის ფედერაციის მიერ მისი მეზობლები წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები აშორებს მათ რუსეთს. ეს ალტერნატივა – რუსეთი, თუ ევროპა, არის ხელოვნური კონცეფცია, რომელიც რუსებმა საკუთარ თავს თავადვე მოახვიეს. რადგან, თუ რუსეთის ისტორიას გადახედავთ, ნახავთ, რომ ის ნამდვილად ვითარდებოდა ევროპის ერთა ოჯახთან  კულტურული, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური თანამშრომლობის კვალდაკვალ. უმეტესწილად, ისინი ვითარდებოდნენ, როგორც ევროპული ქვეყანა და ევროპული პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი მონაწილე. ევროპული პოლიტიკური პროცესები, გლობალური პოლიტიკური პროცესები, როგორებიცაა ნაპოლეონის ომები, ან 20-ე საუკუნის ორი მსოფლიო ომი, დიდ წილად, რუსულ სცენაზე წარიმართებოდა. ეს არის ის მომენტი, როდესაც რუსეთმა ხელოვნურად ჩააყენა საკუთარი თავი ევროპის მოწინააღმდეგე და მასთან  დაპირისპირებულ მდგომარეობაში. რუსეთი ასევე, ხელოვნურად გაუცხოვდა მეზობლების მიმართ და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კონფრონტაციული დიალოგები წარემართა მეზობლებთან. საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენ, საქართველო, ბუნებრივია, აირჩევდა ევროპულ რაკურსს, მაგრამ სრულებით არ დაუპირისპირდებოდა რუსეთს.ახლა ჩვენ ვსაუბრობთ 2008 წლის ომსა და ოკუპაციაზე, მაგრამ, რეალურად, ოკუპაცია 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ორივე ოკუპირებული ტერიტორიის ოკუპაცია 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა. მაშინ არ არსებობდა არავითარი საუბრები იმაზე, რომ საქართველო უერთდებოდა ნატო-ს ​–ნარატივი, რომელიც მათ მოგვიანებით გამოიყენეს. მაშინ არ არსებობდა ნარატივი, რომ რუსეთს მოუწია საქართველოს ოკუპაცია. იმიტომ, რომ საქართველო ნატო-ს უერთდებოდა. რაც ცხადი იყო, არის ის, რომ თითოეულმა ქართველმა გადაწყვიტა, ჰქონოდა არჩევანის უფლება, რისთვისაც რუსეთს ისინი უნდა დაესაჯა. ეს არჩევანი, შეიძლება, ევროპას  სულაც არ ეხებოდა, ეს უბრალოდ თავისუფლების არჩევანი იყო. მოვიპოვეთ თუ არა არჩევანის თავისუფლება, რუსეთმა აუცილებლად მიიჩნია ქართველების დასჯა – არც ევროპასთან დაახლოებისთვის, არც ნატო-ში გაწევრიანებისთვის, არამედ თავისუფლებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ჩვენ გვქონდა უფლება, აგვერჩია, თუ რა გზით წავსულიყავით და როგორ.