ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პრეზიდენტმა პორტუგალიაში წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო მოინახულა

3 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბ-ნი გიორგი მარგველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ლისაბონის გრასას სამრევლო ეკლესიას ეწვია, სადაც დაცულია მე-18 საუკუნეში შექმნილი წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო, რომელსაც საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარებით 2017 წელს კომპლექსური რესტავრაცია ჩაუტარდა.

პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით შეთანხმება გაფორმდა საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ლისაბონის გრასას სამრევლო ეკლესიას შორის. სარესტავრაციო სამუშაოები პორტუგალიურმა კომპანია TEIXEIRA DUARTE განახორციელა. პანოს აღწერილობის აღმნიშვნელზე დართული აქვს ინფორმაცია წმინდა ქეთევან დედოფლის წამების შესახებ პორტუგალიურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების გასწვრივ აღნიშნულია, რომ პანოს რესტავრირება-კონსერვაციის სამუშაოები განხორციელდა 2017 წელს საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარების შედეგად.

პანო 12 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიმაღლისაა. პანო, პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით, მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავით („აზულეჟო“) შესრულებული, წმინდანის მარტვილობის მსოფლიოში ერთადერთი გამოსახულებაა. მისი ასლი მდებარეობს საქართველოში შატო მუხრანში. პანო აღმოსავლეთში პორტუგალიელი მისიონერების ჩასვლას, პირველი ქრისტიანული თემების დაარსებასა და ამ პერიოდში ქართველთა ქრისტიანული რწმენის სიმტკიცით აღფრთოვანებას წარმოაჩენს. წმ. ქეთევან დედოფლის წამებას სპარსეთში პორტუგალიელი ბერები დასწრებიან და მისი ძლიერი რწმენით გაოცებულან. როგორც პორტუგალიელებისთვის, ისე ქართველებისთვის აღნიშნული პანო დიდ ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს.

გრასას მონასტერში საქართველოს დელეგაციას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მონასტრის წინამძღვარმა ჟორჟი დიაშმა და საქართველოს ელჩმა პორტუგალიაში რევაზ ბეშიძემ. მონასტრის წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს რესტავრირებისთვის. საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, პორტუგალიის მიწაზე შემონახული, ქართული ისტორიის ღირსშესანიშნავი მონაკვეთის გამოსახულებაზე ზრუნვას მაღალი სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და კულტურული მნიშვნელობა ენიჭება, რაც თავის მხრივ საქართველოსა და პორტუგალიას შორის კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს.

 
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ