ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ


2017 წლის 5 აპრილს, საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

კონსულტაციებს ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო პორტუგალიის მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორი ფრანსიშკუ დუარტე ლოპეში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. ასევე, საუბარი შეეხო ტურიზმის, კულტურის, განათლების სფეროებში ურთიერთობების სამომავლო განვითარების პერსპექტივებს და რეგიონთაშორის თანამშრომლობას.

2017 წელს, საქართველოსა და პორტუგალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

განსაკუთრებით აღინიშნა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობაში (CPLP) საქართველოს ასოცირებული წევრის სტატუსის მნიშვნელობა და დაისახა თანამეგობრობასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ევროკავშირთან მიმართებით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ჩათვლით, ასევე სავიზო ლიბერალიზაცია კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების კუთხით. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა პორტუგალიურ მხარეს სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის.

ვახტანგ მახარობლიშვილმა პორტუგალიის დელეგაციას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ  ტერიტორიებზე არსებული ვითარება, მცოცავი ანექსიის, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების შედეგები და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში.

თავის მხრივ, პორტუგალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.

მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგში მყოფი რეგიონული და გლობალური აქტუალური საკითხები.

ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს დიპლომატიური სწავლებისა და ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის. 

 

 
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ