საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თეა ახვლედიანის სამუშაო ვიზიტი პორტუგალიაში

ა.წ. 10 იანვარს პორტუგალიის რესპუბლიკაში შედგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თეა ახვლედიანის სამუშაო ვიზიტი, რომლის ფარგლებში გაიმართა მისი შეხვედრები პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბერტა ნუნესსთან, ინტეგრაციის და მიგრაციის სახელმწიფო მდივანთან კლაუდია პერეირასთან, შრომის, სოლიდარობის და სოციალური უსაფრთხოების სახელმწიფო მდივანთან მიგელ კაბრიტასთან და ლისაბონში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელთან მართა ბრონზინთან. შეხვედრებს ესწრებოდა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ბეშიძე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობით, სამუშაო ვიზიტში ასევე მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაია ბართაია. საელჩოს უფროს მრჩეველთან ერთად, შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები.

ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა პორტუგალიურ მხარესთან რეგულარული მიგრაციის მართვის, დასაქმების და შრომის ბაზრის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; აქცენტი გაკეთდა დროებითი, ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მხარეებმა ამ კუთხით წარმოადგინეს ორივე ქვეყნის პოზიცია, გამოავლინეს საერთო ინტერესის სფეროები, განიხილეს აღნიშნული მიმართულებით პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები და შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე.

მინისტრის მოადგილემ განმარტა საქართველოს მთავრობის პოზიცია ერთ-ერთ პრიორიტეტთან მიმართებით, რაც უკავშირდება ქვეყნის დასაქმების და აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის ეფექტიან გატარებას, მათ შორის საზღვარგარეთ ლეგალური დროებითი დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას. თეა ახვლედიანმა ისაუბრა საქართველოში შესაბამისი მიმართულებებით გატარებულ რეფორმებზე, აღნიშნა პორტუგალიის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.

თეა ახვლედიანის ვიზიტი თეა ახვლედიანის ვიზიტი